27 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს - რატი იონათამიშვილის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მმართველმა ძალამ ვეტო ვერ დაძლიოს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი
განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებამ ვეტო ვერ დაძლიოს. 

ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა და სხვა საკითხებზე ხდება აქცენტების გამახვილება.

"სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ არათუ წონადი, არამედ ელემენტარული არგუმენტებიც კი. რაც შეეხება ევროპულ მოდელებსა და პრაქტიკებს, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით მეტად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ. კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა იქნება, საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციებიც. საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", – განაცხადა იონათამიშვილმა.

მმართველი ძალისგან რადიკალურად განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ, რათა მოსმენების კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. 

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.

დღის ამბები