პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ახლობელს დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას ძალადობით დაემუქრა. დანაშაული 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
უწყებამ მტკიცებულებად აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა.
ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები.
სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით,"-ნათქვამია შსს განცხადებაში.