27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ოკუპანტების სისასტიკე, სარაკეტო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, დაღუპული და დაშავებული მცირეწლოვნები - ომის 193-ე დღე უკრაინაში

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერსა და პრეზიდენტს შეხვდა. დენის შმიგალმა გერმანიას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და მეტი იარაღი მოითხოვა. შტაინმაიერთან შეხვედრისას, მხარეებმა სამხედრო კუთხით არსებული ვითარება, სანქციების გაძლიერება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხები განიხილეს.

პარალელურად დღეს, რუსულ მედიასთან მოლაპარაკებებზე განცხადება დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა. როგორც კრემლის სპიკერი ამბობს, რუსეთი მზად არის გამართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე. ოკუპანტები უკვე მეორე დღეა ენერგოდარში ადგილობრივებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული ტვირთს არ შეუშვებენ და სატვირთო მანქანები უკან გააბრუნეს.

ომის 193-ე დღე უკრაინაში - მიკოლაევში დილა ისევ აფეთქებით დაიწყო. რუსულ ავიაიერიშებს 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. რუსმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს ქალაქ ოჩაკივზე. თავდასხმის შედეგად განადგურებულია საწყობი, რომელშიც ათასობით ტონა მარცვლეული ინახებოდა.

9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქზე, დაშავებულია 10 ადამიანი. ქალაქ ნიკოპოლში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ინტენსიური დაბომბვების ფონზე, ნიკოპოლის მოსახლეობის უმეტესობა ღამეებს ახლომდებარე სოფლებში, კარვებსა და მანქანებში ათენებს.

გასული ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვის ოლქი. ოკუპანტების ავიაიერიშებს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სარესტორნო კომპლექსის ტერიტორიაზე, შედეგად 2200 კვადრატული მეტრი ფართობი სრულად განადგურდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ასევე, გასულ დღე-ღამეში რუსულმა ჯარებმა 67-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმებს 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაჭრილია ორი ადამიანი. რუსულმა ძალებმა ოლქის 11 დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. შედეგად 20 საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად განადგურდა.

უწყვეტი დაბომბვები გრძელდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდებარე ტერიტორიაზე. ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მე-5 ენერგობლოკი ელექტროქსელიდან ამ დრომდე გათიშულია. მიმდებარე დასახლებებში 19 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეზღუდულია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაც. რუსეთის ბირთვული და ენერგეტიკული შანტაჟის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობისკენ და სანქციების გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ფონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს. უკრაინელმა სამხედროებმა ამჯერად დონეცკის ოლქის სოფელი ოზერნოე გაათავისუფლეს, ოკუპანტებისგან განთავისუფლებულია ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკო პოლეც.

ავტორი ანა ტურავა

დღის ამბები