ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება ყვარელში. ბორჯომის შემდეგ, ეს მეხანძრე-მაშველებისთვის ყველაზე ხანგრძლივი და რთული გამოწვევა აღმოჩნდა. შილდის ტყის ფერდობზე უკვე მეოთხე დღეა ერთმანეთთან კოორდინაციაში მუშაობს სამაშველო სამსახური, ჯარი და ავიაცია. ამის მიუხედავად, კვლავ არის ცეცხლის აქტიური კერები და ძლიერი დაკვამლიანება.
200-ზე მეტი მეხანძრე მაშველის მთავარი მიზანია ამ დროისთვის ხანძრის არეალი არ გაფართოვდეს, თუმცა რთულად მიუვალი ადგილი ტყეში მრავლადაა. პრობლემა მძიმე ტექნიკამ დღეს ნაწილობრივ მოაგვარა. ალპურ ზონაში უკვე გაიყვანეს გზა, რამაც სპეციალისტებს ხანძართან მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა.
დილიდან შილდის ტყეს მი-8 ტიპის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ამუშავებენ. მეხანძრე-მაშველების მხარდამხარ ხანძარს თავდაცვის ძალებიც ებრძვის.
სპეციალისტების აზრით ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად, პროფესიონალებს უერთდებიან მოხალისეებიც. არამხოლოდ სოფელ შილდას მოსახლეობა, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მცხოვრებლებიც.
ხანძარი შილდას ტყეში 1 სექტემბერს გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი - ამ შეკითხვას პასუხს გამოძიება მოგვიანებით გასცემს. ასევე კერების სრული ლიკვიდაციიდან რამდენიმე კვირაში, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს დაადგენს სპეციალური კომისია.