გამკაცრებული ჯარიმების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტში შეიტანა, გადაჭარბებულ სიჩქარეს ეხება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს, რომლებიც დაშვებულ სიჩქარეს 40 კმ/სთ-ს გადააჭარბებენ, 150 ლარის ნაცვლად 300 ლარით დაჯარიმდებიან. გარდა ამისა, დამრღვევებს მართვის მოწმობაზე დარიცხული 30 qქულაც ჩამოეჭრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციირებული კანონპროექტი კიდევ რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, მათ შორის ქალაქის ქუჩებში ე.წ. "დრიფტის" დროს, ჯარიმა 300 ლარით და მინუს 30 ქულით განისაზღვრება. თუ ე.წ. "დრიფტს" ზიანიც მოჰყვება, სანქცია კიდევ უფრო მკაცრი იქნება. ასეთ შემთხვევაში დამრღვევს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. მოქალაქეების უმეტესობა ცვლილებებს მიესალმება. არიან ისეთებიც, ვისაც დარღვევები ჩვევად აქვთ და ცვლილებები მათთვის მხოლოდ გაზრდილ ფულად სანქციებს ნიშნავს.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტის მომდევნო კვირიდან დაიწყებს, ჯარიმა იზრდება დამუქებული მინებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში, 50 ლარის ნაცვლად საჯარიმო თანხა 500 ლარით განისაზღვრება. ცვლილებების პროექტი კანონად ოქტომბერში იქცევა.
დროული და საჭირო ცვლილებები - ასე აფასებენ მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება აღრიცხვიდან მოხსნილი ტრანსპორტის მართვა. ჯარიმა 2 000 ლარით არის განსაზღვრული, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები კი მძღოლს 30-ით შეუმცირდება. ჯარიმები იზრდება სპეციალური აღჭურვილობის ავტომანქანით, გაცილების გარეშე, არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისთვისაც. ასევე დასჯადი ხდება ისეთი ავტომობილის მართვა, რომლის ხმაურის დონე დადგენილს აღემატება. ჯარიმა ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები კი 10-ით შემცირდება. კანონპროექტი ხვალ, ბიუროზე დარეგისტრირდება, ოქტომბრის ბოლოსთვის კი ცვლილებები ძალაში შევა.