საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკები და შედეგები შემსუბუქებულია, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დადებითი ტენდენციაა ის რომ ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო, მნიშვნელოვნად შემცირდა გარდაცვალების ფაქტებიც. გარდა ამისა, შემსუბუქებულია ვირუსის მიმდინარეობის სიმპტომები.
"ბოლო 4 თვის მანძილზე არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზი და ჩვენების შესაბამისად მიიღო "პაქსლოვიდი" ან "რემდესივირი", არცერთი მათგანის მდგომარეობა არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას.
ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 1-ზე ნაკლები გარდაცვალება, ესეც გაცილებით უფრო დაბალი რიცხვია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ასეთ ძალიან დიდ პროგრესს ჩვენ მივაღწიეთ იმით, რომ ხერხდება ტესტი ჩატარდეს და დიაგნოზი დაისვას პირველივე დღეებში," - აცხადებს ცერცვაძე.