27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილმა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა - რა საკითხები დარჩა შესათანხმებელი არასამთავრობო სექტორთან

ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

ხელისუფლების ოპონენტებმა არასამთავრობოებს წარუდგინეს სამუშაოს ერთგვარ ანგარიში, რომელიც ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ არის მიმართული. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრების თქმით, მესამე სექტორთან ძირითად საკითხებზე შეთანხმება შედგა.

"ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მხოლოდ 4 საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ სამოქალაქო სექტორისგან, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური საკითხებია - ეს არის მართლმსაჯულება, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმა და მედია საკითხები. დანარჩენ საკითხებზე შემიძლია ვთქვა, რომ დასრულებულია სამუშაო პროცესი. შესაბამისად საბოლოო დოკუმენტი ჩვენი მხრიდან სწორედ ამ 4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდგომ გასაჯაროვდება," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით დასასრულებლად, საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია:

"განვიხილეთ 7-8 კონკრეტული კანონპროექტი განვიხილეთ 4-5 თემა, რომელიც კანონპროექტად მუშავდება და ამისთვის საჭიროა შეხვედრები. ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია, უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით დასასრულებლად," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ესაუბრა ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი და დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არამოსამართლე წევრების როლის გაძლიერება საბჭოში.

დღის ამბები