27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სოფელ შილდის ტყეს სტიქია უტევს - უკვე მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

ხანძარი კახეთში - სტიქია სოფელ შილდის ტყეს უტევს. უკვე მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე ცეცხლის 10-ზე მეტი კერაა, არის ასევე ძლიერი დაკვამლიანება. თუმცა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

რამდენიმე საათის წინ შილდის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად მთავრობის მეთაურმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

ადგილზე მუშაობს ათობით სახანძრო სამაშველო ბრიგადა და ორი ვერტმფრენი. ცუდი ხილვადობის გამო ავიაციამ  რამდენიმე საათიანი მუშაობა დაასრულა, თუმცა სტიქიის ზონაში რჩებიან მეხანძრე-მაშველები, ასევე რჩებიან სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მათთან ერთად ხანძარს ებრძვის ადგილობრივი მოსახლეობაც.

ძლიერი ხანძარი შილდის ტყეში 5 ჰექტარზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ხანძარი ტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილას გაჩნდა.

 

დღის ამბები