27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით დაბრუნდა

2 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მეოთხე სეზონი გაიხსნა, რომლის წარმდგენია კომპანია სილქნეტი. 2022 წელს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს ჰპირდება. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"ყველას მინდა მოგილოცოთ მეოთხე სეზონის გახსნა. მოხარული ვარ რომ წელს, სრულმასშტაბიანი ფორმატით დაბრუნდა ფესტივალი და პანკავკასიური ორკესტრი ისევ წარდგება მაყურებლის წინაშე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდში დაგვიდგა. 10 დღის განმავლობაში მთელი კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღება წინანდლისკენ იქნება მომართული. ჩვენ მოკლე დროში შევძელით საპატიო ადგილი დაგვეკავებინა მსოფლიო კლასიკური მუსიკის რუკაზე. ახალგაზრდა ფესტივალის მიმართ დიდია ინტერესი  მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო გამოცემების და მრავალწლიანი ისტორიის მქონე უცხოური ფესტივალების მხრიდან. მსოფლიოში განთქმული ვარსკვლავები და ახალგაზრდა მუსიკოსები ერთ სცენაზე კვლავ გაერთიანდნენ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად. მნიშვნელოვანია რომ წინანდლის ფესტივალის ხმა, საერთაშორისო მედია პლატფორმების საშუალებით, წელს მილიონამდე აუდიტორიას მისწვდება," - განაცხადა წინანდლის ფესტივალის და სილქ-როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

რადისონ ქოლექშენის ღია ამფითეატრში მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე წარდგა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი დირიჟორობდა.

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ.
მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.
2022 წელს წინანდლის ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური პარტნიორი თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები: Visa, Lexus, Wissol სპონსორები: ანაგი დეველოპმენტი, ბეხშტაინი. მედია პარტნიორები: Euronews Georgia და Silk Universal.

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წინანდლის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს დაარსდა, მის ფარგლებში, შეიქმნა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსით, მოსმენების შედეგად დაკომპლექტდა.  2022 წელს, ფესტივალის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ახალგაზრდა მუსიკოსები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან კვლავ ეწვივნენ წინანდალს. წელს მათ რიცხვს შემოუერთდნენ მუსიკოსები თურქმენეთთან.

წინანდლის მამულის რადიქსონ ქოლექშენის ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 7 სექტემბერს, რეზო გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალის 11 სექტემბერს დაიხურება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tsinandalifestival.ge

დღის ამბები