მოხდება მკვლელობები, ადამიანები მიწის ნაგლეჯის გამო ფიზიკურად განადგურდებიან - აფხაზური საზოგადოება და ოპოზიცია ბიჭვინთის აგარაკისთვის სისხლიან დაპირისპირებას აანონსებს. პოლიტიკური სიტუაცია უმართავი ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა საკუთარი განცხადების შინაარსი შეცვალა და განაცხადა, რომ სამთავრობო აგარაკი რუსეთს უნდა გადაეცეს. მოსკოვის მარიონეტი ბჟანია თვლის, რომ ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსისა და 189 ჰექტარი უნიკალური ტყის რუსეთისთვის გადაცემით აფხაზეთს საფრთხე არ ემუქრება.
სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში კიდევ უფრო დაძაბა რუსი დიპლომატის განცხადებამ. მოსკოვის ემისარი სოხუმში მიხეილ შურგალინი აფხაზებს ღიად დაემუქრა, რომ თუ ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს არ გადაეცემა, კრემლი ოკუპირებულ რეგიონს ფინანსურ დახმარებას გადაუკეტავს. გაუკეთებს თუ არა სოხუმი ვლადიმერ პუტინს ძვირფას საჩუქარს, ახლა ე.წ. აფხაზურ პარლამენტზეა დამოკიდებული. აფხაზურ ფორუმებში კი უკვე ღიად წერენ, რომ რუსეთი რეგიონს, როგორც საკუთარ კოლონიას ისე ექცევა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა თავდაპირველ განცხადებაში თქვა, რომ ბიჭვინთის აგარაკი არ უნდა გაყიდულიყო, ვინაიდან ეს მოსახლეობის ინტერესებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიწის გადაცემის თემაზე შეთანხმების რატიფიცირების მომხრეა. საკითხზე უახლოეს პერიოდში ე.წ. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
ასლან ბჟანიას განცხადების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს აფხაზური საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა. ისინი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, იმოქმედონ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და თავი არავის დაუხარონ. ადგილობრივები კი ტერიტორიის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.
ე.წ. პრეზიდენტის განცხადებამდე იყო 60 აფხაზი ქალის წერილი რუსი დიპლომატის სახელზე. მოგვიანებით აქტივისტი ქალები ელჩსაც შეხვდნენ და მას პირადად უთხრეს, რომ აფხაზეთის მიწა არ იყიდებოდა. ისინი რუსულ მხარეს მოუწოდებენ, რომ მიწების გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა უკან გაიწვიოს. რუსი დიპლომატი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურებულიყო და რომ ბიჭვინთის ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება ზედმეტად პოლიტიზებული იყო. სოხუმმა ელჩის ღია მუქარაც მოისმინა, რომ თუ დოკუმენის რატიფიცირება არ მოხდება, პუტინი უარს იტყვის თავის ფინანსურ- ეკონომიკურ ვალდებულებაზე აფხაზეთის წინაშე. აქტივისტ ქალებს ელჩმა ისიც უთხრა, რომ თუ კრემლი აგარაკს ხელში ვერ ჩაიგდებდა, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ბაზას გაიყვანდა.
ოკუპირებულ რეგიონში ახლა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკისა და 189 ჰექტარი უნიკალური ტყის გადაცემაზე საბოლოო თანხმობა უნდა თქვას. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობებიც. მათ შორის აუზები, რესტორნები და მიწისქვეშა კომპლექსი. ბიჭვინთელები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აგარაკების ტერიტორიის სიახლოვეს მათ მხოლოდ სპეცსაშვებისა და პასპორტების შემოწმების შემდეგ უშვებს.