საქსტატმა დღეს გასული თვის და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები წარმოადგინა. სურსათისა და ტრანსპორტის ჯგუფებში, მათ შორის საწვავზე ფასების ზრდის დონის შემცირებას საქსტატი მთავარ ფაქტორებად განიხილავს, რის გათვალისწინებითაც აგვისტოს თვეში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 14 თვის განმავლობაში ყველაზე მცირეა.
წლიური მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა რჩება - 10.9%, თუმცა აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირეა. საგარეო კრიზისების და რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ერთობლივად ეკონომიკის ზრდას, ინფლაციის კლებად ტენდენციას და ვალუტის გამყარებას მნიშვნელოვან მიღწევად განიხილავს. პოზიტიურ ფაქტორებს შორის სამთავრობო პროგრამებით დაფინანსებული ბიზნეს პროექტებიც სახელდება.
ინფლაციას კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განიხილავენ ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსები, თუმცა აღნიშნავენ, რომ შემცირების ტენდენცია ცალსახად პოზიტიურია. აქვე კეთდება შედარება რეგიონის სხვა ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებლებთან.
როგორც გასულ თვეს ასევე წლის განმავლობაში ფასების მატება ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სერვისებს, ასევე ტრანსპორტს და გართობა დასვენების სექტორს უკავშირდებოდა. თუმცა გაიაფდა ჯანდაცვა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ასევე ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის ჯგუფები. სექტემბრის თვის ცვლილებებს საქსტატი ტრადიციულად თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.