27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან და რა პოლიტიკური გზავნილი აქვს თბილისს ვაშინგტონისთვის - პრემიერი შეერთებულ შტატებში თვის ბოლოს გაემგზავრება

პრემიერ-მინისტრი "ოცნებიდან" წასული ოთხეულის კრიტიკულ წერილებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავარი ღირებულება სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებაა, თუმცა პოლემიკის ამ ფორმით განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. მთვარობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობებს ახლა გაძლიერება სჭირდება.

პრემიერის შეფასება ოთხეულის წევრებს არ გაკვირვებიათ - "ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ გარკვეულ საკითხებზე მათი შეხედულებები მმართველი პარტიის პოზიციას არ ემთხვეოდა. განსხვავებული მიდგომების გამო კი სახელისუფლებო გუნდისთვის ჩრდილის მიყენება არ სურდათ. თუმცა როგორც "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, "ოთხეულმა არათუ დაასრულა მოღვაწეობა, არამედ ახლა იწყებს" და მომხრეები საზოგადოებაშიც მრავლად ჰყავთ.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყნას შორის პარტნიორობას ზიანი მაინც მიადგა. ახლა კი მათ თქმით, მცდელობაა, მოკავშირესთან საუბრის ტონი შეარბილონ.

მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ყოფილი თანაგუნდელების შეხედულებებს ბევრ საკითხში არ იზიარებენ, არ მოსწონთ არც რიტორიკა და ფიქრობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე მათ პარტნიორებთან კომუნიკაციის სხვა გზა აქვთ არჩეული. იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ სწორედ მეგობარ სახელმწიფოებთან ახლო კომუნიკაციაშია საქართველოს განვითარება.

შეერთებული შტატები რომ საქართველოს ძლიერი მოკავშირეა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერება პრიორიტეტი უნდა იყოს - ეს გუშინ პრემიერ- მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში თვის ბოლოს გაემგზავრება, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნაზე სიტყვითაც გამოვა.        

დღის ამბები