27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
როგორ გამოიყურება ალექსეი ნავალნი 1.5 წლიანი პატიმრობის შემდეგ - მედიაში რუსი ოპოზიციონერის ახალი ფოტო გამოჩნდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მედიაში, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ფოტო გამოჩნდა. ნავალნიმ მონაწილეობა სასამართლო პროცესში ვიდეოკავშირის მეშვეობით მიიღო.

სასამართლომ ნავალნის ორი სარჩელი განიხილა. ერთი ეხება შემკვეთს, რომლისთვისაც პროდუქცია იქმნება იმ საწარმოში, რომელშიც ნავალნი დაპატიმრების შემდეგ მკერავად მუშაობს. მეორე სარჩელი კი გაფრთხილებას, რომელიც ნავალნის ციხეში პროფკავშირების შექმნის გამო მისცეს. ორივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები 21 სექტემბრისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელს ვლადიმირის ოლქში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. 15 აგვისტოს შემდეგ კი საჯარიმო იზოლატორში იმყოფება სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველად ის ციხის ფორმაზე არასათანადოდ შეკრული ღილის გამო დასაჯეს. მეორე 5 დღიანი სასჯელი იმისთვის მიიღო, რომ დერეფანში გამოყვანის დროს ხელები ზურგს უკან არ ჰქონდა, მესამედ დასჯის მიზეზი კი იყო ის, რომ მან "თავი არასწორად წარადგინა".

ალექსეი ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის აეროპორტში დააკავეს და "ივ როშეს" საქმეზე რეალური სასჯელის მოსახდელად ვლადიმირსკის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. ამ საქმეზე სასჯელის ვადა ნავალნის 2023 წელს უმთავრდებოდა, თუმცა მორიგი განაჩენით მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის მაისში მას  ბრალი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს - მას ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში ადანაშაულებენ. ამჯერად, ნავალნის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ალექსეი ნავალნი და მისი თანამოაზრეები ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში კრემლს და პირადად ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.

დღის ამბები