27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
მე ვარ საქართველოს აგენტი შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც - დავით უსუფაშვილი

ამერიკის აგენტურაზე გამოქვეყნებული მასალა განხილვის თემა გახდა. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიას არასერიოზულად აღიქვამს და აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი საუბარი არასწორია.

საუბარია სიაზე, რომელშიც ამერიკის აგენტის სტატუსით შეიყვანეს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვა ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტატიას იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან, რომელთა სახელებიც გამოქვეყნებულ სიაში წერია. ისინი საკითხს არასერიოზულს უწოდებენ. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ის მხოლოდ საქართველოს აგენტია.

"მე ვარ საქართველოს აგენტი შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ. საქართველოს წარმომადგენელი ვარ, ვინ მგონია, რომ საქართველოსთვის არის ყველაზე სასურველი და ძლიერი პარტნიორი? - ეს არის შეერთებული შტატები და ევროპა. ამის აგენტი ვარ მე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის აგენტებიც კი ვერ არიან და იმათი აგენტები არიან ვინც იმ წუთში ფულს უხდით ან სამსახურში მოაწყოთ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია სწორედ პრო რუსული აგენტების "შეთითხნილი საკითხია".

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. რაც შეეხება აგენტებად მოხსენიება, ეს არის პრო რუსული აგენტების შეთითხნილი საკითხი იმიტომ, რომ როგორც თვითონ არიან გაფუჭებულები და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ, როცა პრორუსები არიან და რუსულ დავალებებს ავალებენ, ახლა უნდათ, რომ რაღაც მსგავსი შექმნან. ჩემთვის სამშობლოა უპირველს ყოვლისა და ამ ხაზს არასდროს არ გადავუხვევ," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.

"ცხადია, რომ შეუძლებელია სერიოზულად განიხილო ეს აბსოლუტურად სამარცხვინო ნიაღვარი და ტალახის სროლა", - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

დღის ამბები