27 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ლიკანის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები - ახალი კერა ბორჯომის ხეობაში გუშინ გააქტიურდა

ლიკანის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ისევ აქრობენ - ახალი კერა ბორჯომის ხეობაში გუშინ გააქტიურდა. მას შემდეგ, ადგილზე ცოცხალი ძალა და ავიაცია უწყვეტად მუშაობს. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ეს კერა ლიკანის მოსახლეობასთან შედარებით ახლოსაა, თუმცა დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. უკვე სრული ორი კვირაა ბორჯომის ხეობაში სტიქიას ებრძვიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "კურიერს" დილიდან დაუდასტურეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს ახალი კერის დამუშავება ლიკანის ტერიტორიაზე, კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში. ასევე, გრძელდება აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 19 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის გარშემო, რომლის კერაც არის კვლავ სოფელი ქვაბისხევი. რაც შეეხება სოფელ ლიკანის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს, თუ გასული 24 საათის განმავლობაში შეინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება და ასევე ცეცხლის ალიც, ახლა უკვე თითქმის ჩამქრალია, აღარც კვამლი ჩანს. დილის 6 საათიდან აქტიურად მუშაობდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, სწორედ მათი მუშაობის შედეგია მიღწეული პროგრესი. 

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საკმაოდ მოშორებით არის ამ ადგილიდან მდინარე და ვერტმფრენებს წყლის გადასაზიდად გრძელი გზის გავლა უწევთ. ამის მიუხედავად, 3 ვერტმფრენი კვლავ აქტიურად მუშაობს.

იმას, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით დაკვამლიანება ნაკლებია, თავად ადგილობრივებიც ადასტურებენ.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, თუ რის გამო გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ახალი კერა, შესაძლოა ეს მაღალი ტემპერატურის და გვალვის, ასევე ადამიანების მხრიდან დაუდევრობით იყოს გამოწვეული, თუმცა ამაზე ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს.

ავტორი : სანდრო სანაია

დღის ამბები