უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს.
მისივე თქმით, რუსები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უნაყოფო ექსკურსიად გადააქციონ. ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ საფრთხეებს სათანადოდ შეაფასებენ.
"რუსეთი აკეთებდა ძალიან ბევრ ცინიკურ რამეს, რათა მოეტყუებინა ატომური სააგენტოს მისიის წევრები, მათ შორის ენერგოდარის მცხოვრებლების დაშინების გზით. ოკუპანტები მათ ტყუილის თქმას აიძულებენ. როდესაც მე შევხვდი მისიის ხელმძღვანელს, ბატონ გროსის კიევში, ჩვენ შევთანხმდით, რომ მისიაში აუცილებლად იქნებიან უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები, რათა სამყარომ ნახოს სიმართლე და ის, თუ რა ხდება სინამდვილეში. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა, არადა დაპირება იყო. სამწუხაროდ, ოკუპანტებმა ჟურნალისტები არ შეუშვეს, მაგრამ შეკრიბეს პროპაგანდისტები. მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ეს არის სადგურის დემილიტარიზაცია. ეს არის უკრაინისა და საერთაშორისო ექსპერტების ძალისხმევის მთავარი მიზანი. და ძალიან ცუდია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელისგან ეს მოწოდებები ჯერ არ მოვისმინეთ. ეს გახლდათ ჩვენი მოლაპარაკების უსაფრთხოების მთავარი პუნქტი. ეს მკაფიოდ ითქვა - დემილიტარიზაცია და სადგურზე კონტროლის უკრაინისთვის გადაცემა," - განაცხადა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.