მევენახეები სუბსიდირების პროგრამით წელსაც ისარგებლებენ. კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, თუმცა 7 ათასამდე ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი უკვე გადამუშავდა. პროცესში დღემდე 40-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს, 1 კილოგრამ ყურძენში კი მევენახეს სულ მცირე 90 თეთრს გადაუხდის.
შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, სადაც განმარტავენ რომ პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დინამიკა. შტაბის უფროსი ამბობს რომ სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე ფერმერი შეძლებს. საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 170 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებაზე, როგორც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ წელს ყურძნის რეკორდულ, 300 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. მათივე განმარტებით, მთავრობას სუბსიდირების პროგრამა ჯამში, დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება.