27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ევროპის ენერგეტიკული საბოტაჟი მოსკოვმა გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ეს დაგეგმილი იყო - ევროკავშირის 27 ქვეყანა ახლა ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომის მოლოდინშია

ელექტროენერგია რომ შესაძლოა გაეთიშოთ ან გრაფიკით მიეწოდოთ, ამის შესახებ ფრანგები პრემიერ-მინისტრმა სატელევიზო ინტერვიუდან უკვე გააფრთხილა. ელისაბედ ბორნი არ გამორიცხავს, რომ ზამთარში მოსახლეობისთვის დენის დღეში ორი საათით გათიშვა გახდეს საჭირო. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი და ატომური ელექტროსადგურების გათიშვაა, რომელთა რეაქტორები მწყობრიდან გამოვიდა.

საფრანგეთი 67%-ით ატომურ ენერგიაზეა დამოკიდებული, ხოლო 7%-ით ბუნებრივ აირზე. ქვეყნის მთავრობა პირობას დებს, რომ მოქალაქეებს სახლებში ბუნებრივი აირი ზამთარში არ გაეთიშებათ, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში, შეზღუდვები შეეხება ბიზნესს და ასეთი ობიექტები ელექტროენერგიასთან ერთად გაზსაც გრაფიკით მიიღებენ.

უკრაინაში რუსეთი ომის დაწყების დღიდან, "გაზპრომმა" უკვე მნიშვნელოვნად შეუმცირა მიწოდება ბუნებრივი აირის ოპერატორ ფრანგულ უმსხვილეს კომპანიას. "გაზპრომში" ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთი ბუნებრივ აირს საომარ იარაღად იყენებს და ქვეყანა გაზის შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

ბუნებრივი აირის კრიზისი საფრანგეთის გარდა ზამთრის პერიოდში შესაძლოა ევროპის არაერთ ქვეყანაში დაიწყოს. რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" "ჩრდილოეთის ნაკად 1"-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად უკვე შეუჩერა. რუსულ კომპანიაში მილსადენზე შეზღუდვას სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ. დაანონსდა, რომ პროფილაქტიკური სამუშაოები სამი დღით უნდა გაგრძელდეს. 

გერმანია, რომელმაც რუსული ენერგორესურსების მოხმარება ქვეყანაში ორი პროცენტით უკვე შეამცირა, გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მიზანს უკვე სექტემბრის დასაწყისისთვის მიაღწევენ. უკრაინული მედიის ცნობით, "გაზპრომის“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით გაზის მიწოდებას სრული შეწყვეტა იგეგმებოდა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა.

ევროკავშირის 27 ქვეყანა ახლა ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომის მოლოდინშია. სწორედ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები და როგორ გაუმკლავდნენ მასშტაბურ ენერგეტიკულ კრიზისს.

დღის ამბები