27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია საბერძნეთში და მაფიის სათავეში მყოფი ქართველის დაკავება, სამართალდამცავებმა კანაფის უზარმაზარ პლანტაციას მიაკვლიეს - კიდევ რა დახვდათ პოლიციელებს ადგილზე

ქართულ-ალბანური მაფია საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკის აღმოსავლეთით მდებარე ტყეში გაანეიტრალა. დიდი ოდენობით ნარკოტიკების წარმოების და რეალიზაციის ფაქტზე 5 ალბანელთან ერთად დაკავებულია 45 წლის ქართველი, რომელიც ბერძნულ მედიაში, დანაშაულის მთავარ ფიგურანტად სახელდება.

ბერძნულ მედიაში გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს ტყეში კანაფის პლანტაციები ჰქონდა გაშენებული და იქვე კუსატრულად ჰქონდა მოწყობილი საცხოვრებელი ბანაკიც. სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ამოიღო 2000 ძირი კანაფი, ცეცხლსაროლი იარაღები, კანაფის ხელოვნური ზრდისთვის საჭირო განათების აპარატურა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რადიოგადამცემები და სატელეფონო სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა. კანაფის პლანტაცებთან დანაშაულებრივ ჯგუფმა სარწყავი არხიც მიიყვანა.

"მაფიის წევრები მუდმივი სქემით მოქმედებენ. ეს ხდება განუწყვეტლივ ჩვენს თვალწინ დღე და ღამე. საბერძნეთის პოლიციის სპეცსამსახურები ცდილობენ მათ განეიტრალებას, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდება, რადგან მათი საცეცები ბერძნული საზოგადოების ძალიან ბევრ ასპექტშია უკვე ფესვგადგმული," - განაცხადა ადგილობრივმა.

გამოძიებით დგინდება, რომ მათ მიერ უკანონოდ წარმოებულ კანაფს დაჯგუფების წევრები მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ყიდდნენ, ტრანსპორტირებას კი ძირითადად მოპარული სამარშუტო ავტომობილით ახდენდნენ, რომელსაც სანომრე ნიშნები შეუცვალეს. საბერძნეთის ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციას ბერძნული მედია აქტიურად აშუქებს.

დაკავებულები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს. ამოღებულია კანაფის რეალიზაციისგან მიღებული თანხაც. ბრალდებულებს საბერძნეთის სასამართლო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ფაქტზე გაასამართლებს.

დღის ამბები