28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტზე უარს ამბობს და პარლამენტში შედის - ვინ დაეხმარება ფრაქციას საჭირო 50 ხმის მოსაგროვებლად

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განმარტებით, მათი გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ, ერთიანია. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მთავარი მიზანი კი, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა გამოიკვლიოს.

"ნაციონალური მოძრაობისგან" კონსტრუქციული საპარლამენტო საქმიანობის მოლოდინი არ აქვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, ოპოზიციური პარტია საპარლამენტო ტრიბუნას, მხოლოდ პარტიული ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საკანონმდებლო ორგანოში 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობას" კოლეგა ოპოზიციონერების დახმარება დასჭირდება. საპარლამენტო ოპოზიციაში, ამ ეტაპზე, მათ წინადადებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, საკანონმდებლო საქმიანობის დღის წესრიგს ვერ შეცვლის - ასე ფიქრობენ მმართველ პარტიაში. დეპუტატები სახელისუფლებო გუნდიდან მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება მეორეხარისხოვანია.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრები საპარლამენტო სხდომებს, გასული წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არ ესწრებიან. საგაზაფხულო სესიაზე კი ფრაქცია, როგორც პლენარულ, ასევე საკომიტეტო სხდომებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.

დღის ამბები