28 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
დავა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე გრძელდება - ოპოზიცია ალტერნატიული ტექსტის შემუშავებაზე უარს ამბობს და არსებულის რედაქტირებას მოითხოვს

ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ალტერნატიული ტექსტის შემუშავებას არ აპირებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ უნდა დარედაქტირდეს სწორედ ის ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა.

"განვიხილეთ ალტერნატიული ტექსტის დაყენების საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე, ამას არ ვაპირებთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ამ რეზოლუციის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მან ასახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და, მეორეს მხრივ, სოლიდარობას გამოხატავდეს უკრაინისთვის, იმიტომ რომ ახლა, ის არაფრის მთქმელი ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა და სადაც სიტყვა "რუსეთის" ხსენებაც კი არ არის, ვერცერთ ამ მიზანს ვერ ემსახურება,"- აცხადებს ბოკუჩავა. 

"ქართულ ოცნებაში" კი კოლეგებისგან ტექსტის ალტერნატიულ ვერსიას ელოდებიან. 

"თუკი ოპოზიციის მხრიდან საკომიტეტო თუ საპარლამენტო სესიაზე განხილვის პროცესში წარმოდგენილი იქნა კონკრეტული შენიშვნები ან წინადადებები, რომელიც კონტექსტუალურად შესაძლებელია დაკავშირებული იყოს იმ დაბალანსებულ ტექსტთან, რომელშიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ეს შეიძლება გახდეს განხილვის საგანი. სხვა მხრივ ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს ეს დღეებია, არის მხოლოდ სპეკულაცია,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე. 

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გავა. ტექსტს "ქართული ოცნება" დააინიცირებს. დოკუმენტს ხელს მხოლოდ მმართველი პარტია აწერს, დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი ისევ თავს იკავებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ტექსტში მეტი სიცხადე უნდა იყოს.

დღის ამბები