28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
"ნათლად გამოჩნდება მიუკერძოებლობაც, პროფესიონალიზმიც და გამოცდილებაც" - ირაკლი ქადაგიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებსა და შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები გაკეთდა. "ქართული ოცნების"  წევრები ამბობენ, რომ მთავარი კრიტერიუმია პროფესიონალიზმი, საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა და გამოცდილება. 

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, გაიმართება თითოეული კანდიდატის როგორც პროფესიონალურ, ასევე მიუკერძოებლობის საკითხზე მსჯელობა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი საკუთარ პოზიციას წინასწარ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მყარი ხედვა უკვე აქვს.

"იქ ნათლად გამოჩნდება მიუკერძოებლობაც, პროფესიონალიზმიც და მათ შორის გამოცდილება, ვის როგორი აქვს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტისთვის,“ - ამბობს  ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც კანდიდატებს აქვთ.

"ვინაიდან უკვე ორი კანდიდატი არის წარმოდგენილი, ცხადია, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი, მაგრამ მეორეს მხრივ, საინტერესოა ის გამოცდილება, რომელიც აქვთ კანდიდატებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე თუნდაც უკანასკნელი ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც იყო ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, განსაკუთრებით ადმინისტრირებისა და ორგანიზების ნაწილში,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.

საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთოს. ცესკოს წევრობის 4 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ. 

 

დღის ამბები