28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"თქვენ იგებთ ძალიან ცოტას მომხდარის შესახებ..." - რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რატომ არის საშიში პაუზა სტიქიებს შორის 

გახშირდა, თუ არა მიწისძვრები საქართველოში -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ბუნებრივ მოვლენებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

როგორც თეა გოდოლაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას განმარტა, მიწისძვრები საქართველოში ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, რისი მიზეზიც საქართველოს მდებარეობაა - ქვეყანა ტექტონიკურად აქტიურ ზონაშია მოქცეული.

უფრო მეტიც, როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, საქართველოში არა თუ ბოლო პერიოდში, არამედ დღის მანძილზე რამდენიმე მიწისძვრა ხდება, რაც ნორმალურია, რადგან სტიქიის ბიძგები დაბალი მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ამაში საგანგაშო არაფერია.

ხოლო რაც შეეხება ბოლო დროს მიწისძვრების შესახებ ინფორმაციის აქტიურ გავრცელებას, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, ადრე მიწისძვრების აღრიცხვა არ ხდებოდა, რაც ყურადღებას იქცევს. 

"არანაირად არ არის გახშირებული, ჩვეულებრივი პროცესია, გახშირებული რომ იყოს, ვიტყოდით. თქვენ იგებთ ძალიან ცოტას მომხდარი მიწისძვრების შესახებ. დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრები დღეში ხდება რამდენიმე საქართველოში, ანუ, ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს ასე, რომ - გახშირდა მიწისძვრები. სულ, რომ არ ხდება და მერე დიდი მოხდება, ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე იყოს ფონური მიწისძვრები.

მოსახლეობასთან რამდენჯერმე განვმარტეთ და კიდევ განვმარტავთ, რომ მიწისძვრები ამ ქვეყანაში მოხდება, ხდებოდა და ამისაგან დაზღვეული არ ვართ, იმიტომ, რომ ტექტონიკურად აქტიურ ზონაში ვართ. როგორც წვიმა მოდის ხოლმე, როგორც ქარია, ისე იქნება მიწისძვრები.

ეს არის გუნდური მიწისძვრების კლასი, რომელიც ხდება ხოლმე, ძირითადად ჯავახეთის რეგიონში, ჯავახეთში სულ ხდება, უბრალოდ ახლა აღრიცხვა მიდის ამ პროცესის, ადრე არ ხდებოდა. ახლა არის გამართული სისტემები, მიწისძვრების რეგისტრაციის და რეპორტინგის სისტემაა აწყობილი.

ეს მცირე მიწისძვრები მეწყერსაშიშ ზონებზე გავლენას არ ახდენს. დიდი მიწისძვრა მეწყრულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, დაძრავ მეწყრულ პროცესს," - ამბობს თეა გოდოლაძე.

დღის ამბები