28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ელოდება თუ არა კრემლს დასავლეთისგან კატასტროფა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში - აშშ-ისა და რუსეთის მთავარი დიპლომატები ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან

უკვე ერთი საათია ჟენევაში ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ხვდება. მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინა და რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებებია.

ამერიკელი დიპლომატი რუს კოლეგას მთავარ გზავნილს გადასცემს და კიდევ ერთხელ ეტყვის, რომ უკრაიანაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, რომელსაც ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგები მოჰყვება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრიდან არა რაიმე გარღვევას, არამედ რუსეთის კონკრეტულ შეთავაზებებზე, კონკრეტულ პასუხებს ელოდება:

"მადლიერები ვართ ჟენევაში შეხვედრის შემოთავაზებისთვის, უსაფრთხოების გარანტიებზე წამოწყებული საქმიანობის კონტექსტში. როდესაც ტელეფონით დამირეკეთ და შეხვედრა შემომთავაზეთ ჩვენი წუხილების უფრო მკაფიოდ განხილვისთვის, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო სასარგებლო იდეა, რომელიც იმედი გვაქვს დაგეხმარებათ კონკრეტული პასუხების ან კონტრ-შეთავაზებების შეტანაში, თუ რა თქმა, უნდა ასეთი გაგაჩნიათ.

გუშინ და დღეს დიდი რაოდენობით მასალა წავიკითხეთ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა და რომელსაც "დიდი მასშტაბის რუსულ დეზინფორმაციას" უწოდებთ. ინტერესით გავეცანი მათ, იმედია ვინმე სახელმწიფო დეპარტამენტში თავად იმ წინადადებებზე მუშაობითაც იყო დაკავებული, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ.

თქვენ ევროპულ ტურნეში განაცხადეთ, რომ ამ შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებით. არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს, ჩვენ ველით ჩვენს შეთავაზებებზე პასუხს. შეთავაზებები კი კონკრეტულია და ასეთივე კონკრეტულ პასუხებს ველოდებით, რომლებიც იქნება სრულ შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რომელიც ეუთოს უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული, საზიარო უსაფრთხოების პრობლემის ირგვლივ. რომ არცერთი ქვეყანა არ აძლიერებდეს საკუთარ უსაფრთხოებას, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხარჯზე. ძალიან მაინტერესებს აშშ როგორ განმარტავს ამას," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრის დასაწყისში.

დაძაბულობის დეესკალაციისა და ღია დიალოგის შენარჩუნების სურვილზე გაამახვილა ყურადღება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თუმცა თქვა ისიც, რომ დიდი შედეგების მიღწევის იმედი არ აქვს:

"ეს მოლაპარაკებები არის იმ ძალისხმევის შედეგის ნაწილი, რომ დაძაბულობის დეესკალაცია მოხდეს და თავიდან ავიცილოთ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინაში. აქ მოსვლამდე მე მქონდა შეხვედრები და კონსულტაციები ჩემს პარტნიორებთან და თავად უკრაინასთანაც.

ჩვენ ვიზიარებთ პარტნიორების ღრმა შეშფოთებას განვითარებულ მოვლენებზე. ყველა ჩვენგანი იმ პრინციპის ერთგული ვრჩებით, რომ არსებული განსხვავებები გადაიჭრას დიპლომატიური გზით. მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამავდროულად პარტნიორებთან ერთად მზად ვართ იმისთვისაც, რომ ვუპასუხოთ ამას მკაცრად და სწრაფად.

თქვენთან საუბრისას მინდა განვიხილო ჩემი და ჩემი პარტნიორების საერთო პოზიცია და ამავდროულად კონკრეტული იდეებიც, რომლებიც განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. რადგან ყველა ჩვენგანი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ერთგულები ვრჩებით ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების დაცვაში. გვსურს, ასევე ვთხოვოთ ბატონ სერგეის, გათავისუფლდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები - პოლ ვილანი და ტრევერ რიდი, რომლებიც ამჟამად რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან. თუმცა ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვიმყოფებით კრიტიკულ ვითარებაში.

თქვენ მართალი ხართ , არსებული განსხვავებების გამო შედეგებს დღეს არც მე ველოდები. მაგრამ იმედი გვაქვს რომ ეს საკითხი, გადაწყდება დიპლომატიისა და დიალოგის გზით. იმედია, რომ დიალოგის ღია პროცესი შენარჩუნდება, რომ ეს განსხვავებები მშვიდობიანად გადაიჭრას", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან სხვა ქვეყნებიც. ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ კრემლში კვლავ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ. ლიზ ტრასის თქმით, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, ეს ეხება მთელს მსოფლიოს და ამიტომ დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს:

"კრემლმა ისტორიის შეცდომებზე ვერ ისწავლა. ისინი ოცნებობენ საბჭოთა კავშირის, ან დიდი რუსეთის აღდგენაზე. ირწმუნებიან, რომ სტაბილურობა სურთ, პარალელურად კი ემუქრებიან და დესტაბილიზაციას უწყობენ სხვებს. ვიცით, რაც ამ გზაზე გვხვდება - საშინელი დანაკარგები და ადამიანების ტანჯვა. ამიტომაც მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, რომ უკან დაიხიოს უკრაინიდან, ვიდრე მასშტაბურ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებდეს. უკრაინა ამაყი და მედეგი სახელმწიფოა. ისინი იბრძოლებენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ნატო-რუსეთის საბჭოზე ჩვენ დავუფიქსირეთ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ ნებისმიერ შეჭრას უკრაინაში მისთვის მასიური შედეგი მოჰყვება - მათ შორის კოორდინირებული სანქციები ფინანსურ ინსტიტუციებსა და ინდივიდებზე. მიმდინარე კვირას დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ტრენინგებისა და თავდაცვითი იარაღის მიწოდების პაკეტი შეიმუშავა. ჩვენ ვაძლიერებთ სამმხრივ კავშირებს უკრაინასთან და პოლონეთთან, ვმუშაობთ ენერგეტიკულ ალტერნატივებზეც, რათა ქვეყნები რუსულ გაზზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული. ვფიქრობთ, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, ეს ეხება მთელს მსოფლიოს. დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

გაეროს გენერალურ მდივანს იმედი აქვს რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება და პროცესები დიპლომატიურ ჭრილში გაგრძელდება

"მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,რადგან პრობლემის სამხედრო გზით გადაიჭრის არ მჯერა. ყველზე რაციონალური გზა ამისთვის დიპლომატია და დიალოგია. იმედი მაქვს, რომ ჩემი რწმენა გამართლდება. ნამდვილად არ გვჭირდება დრამატული სიტუაცია რეგიონში, რომელიც, რა თქმა უნდა, საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანს. მჯერა, რომ დეესკალაცია და დიალოგი კონფრონტაციის თავიდან არიდების საშუალებას მოგვცემს. გაერო ამ საკითხში პირდაპირ ჩართული არ არის, თხოვნა ჩვენი ჩართვის თაობაზე არ შემოგვსვლია, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ მოვუწოდოთ ყველას, ეს კრიზისი თავიდან ავირიდოთ," - განაცხადა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

დღის ამბები