თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის დედა დაკითხეს.
ბრალდების მხარემ პროცესზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვანს, დაზიანებები საერთოდ არ აღენიშნება, დანა კი, რომლითაც მკვლელობა მოხდა, პროკურატურის ვერსიით, არა მოკლულს, არამედ ერთ-ერთ დაკავებულ არასრულწლოვანს ეკუთვნის.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
"სასჯელის ნაწილში დედა კვლავ დააფიქსირებს თავის პოზიციას, როდესაც, დარწმუნებული ვარ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და დაინიშნება სასჯელის დანიშვნის სხდომა. მინიმუმ 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მოკლა განზრახ, წინასწარ შეცნობით, ასევე მეორე არასრულწლოვანმა დაფარა, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ბრალდებულს, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, არავითარი დაზიანება არ აქვს,"- განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
4 დეკემბერს მოკლული 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ორ არასრულწლოვანს წაუყენეს. ერთს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
გამოძიების ვერსიით, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.