ჰოლივუდური სცენარით ჩადენილი სასტიკი დანაშაული - ასე შეაფასა თბილისის ცენტრში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა საქმის პროკურორმა. შესავალ სიტყვაში მან დეტალურად აღწერა, როგორ უთვალთვალებდა ბრალდებული აკო ჭელიძე მსხვერპლს, გადაადგილების მარშრუტის შესწავლის შემდეგ კი, საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა, რის შემდეგაც თანმხლებ გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა.
აკო ჭელიძე დანაშაულს საკუთარ თავზე სრულად იღებს და ჯგუფურად მკვლელობას უარყოფს. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალს ისევ არ აღიარებს კავილაძე, რომელიც საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
აკო ჭელიძემ და მისმა ადვოკატმა შესავალი სიტყვის თქმაზე უარი განაცხადეს, განსხვავებით კავილაძისგან, რომლის ადვოკატებიც საბრალდებო მუხლის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებდნენ.
სხდომას ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატიც დაესწრო, რომელიც ფიქრობს, რომ ბრალდებულებმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულეს.
პროკურორი დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ადასტურებს, რომ სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენის მიზნით, ძიება აქტიურად მიმდინარეობს.
ვინ დაუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა - მთავარ შეკითხვაზე და დანაშაულის მოტივზე ბრალდებულები დუმილს ამჯობინებენ.
22 წლის ნიკო კვარაცხელია გასული წლის 15 სექტემბერს საკუთარ ავტომობილთან ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. სამკვირიანი ძებნის შემდეგ, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთის მიტოვებულ აგარაკზე დააკავეს.