28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ​დღეს სამშობლოში ხმაურით დაბრუნდა - გამოძიება მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს

პეტრო პოროშენკო სამშობლოში დაბრუნდა. ვარშავის რეისი, კიევის ბორისპოლის აეროპორტში დილის 9 საათზე დაეშვა. 

უკრაინის ექსპრეზიდენტი აეროპორტიდან პეჩორის რაიონულ სასამართლოში თავისი ფეხით მივიდა.

ექსპრეზიდენტი სასამართლოში მომხრეების თანხლებით გამოცხადდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ან გირაოს 1 მილიარდ გრივნას ითხოვს.

თავად პოროშენკო კი დარწმუნებულია, რომ იგი გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება და მის მიმართ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს.

2014-2019 წლების მმართველობის განმავლობაში, გამოძიება მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებს ბრალს.

მისი თქმით, უკრაინაში რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად ჩავიდა. ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ მას კრიტიკული სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება სურს.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს საზღვარზე საბუთებს 15 წუთის განმავლობაში უმოწმებდნენ. როგორც პოროშენკო ამტკიცებს, მესაზღვრეები ცდილობდნენ, რომ თავის სამშობლოში არ შეეშვათ.

ყოფილ პრეზიდენტს აეროპორტთან მხარდამჭერები დახვდნენ. პოროშენკომ მათ სიტყვით მიმართა და მოქმედი ხელისუფლება წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა.

აეროპორტიდან პოროშენკო პირდაპირ სასამართლოში გაემგზავრა, სადაც სახელმწიფო ღალატის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყებოდა. მხარდამჭერები პეჩერკის რაიონულ სასამართლოსთანაც იყვნენ.

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობის შეფარდებას ან გირაოს სახით მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა. ბრალმდებლების აზრით, ექსპრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას პასპორტიც.

სასამართლოს სხდომაზე პეტრო პოროშენკოს ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბუნდოვანია თუ როდის გაჩნდა ეჭვი, რომ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს მოღალატეა. თავად პეტრო პოროშენკო კი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

პეტრო პოროშენკომ უკრაინა მას შემდეგ დატოვა, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. 17 დეკემბერს ის პოლონეთში გაემგზავრა, სადაც უკრაინისა და ნატოს საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სამშობლოში კი მხოლოდ დღეს დაბრუნდა.

დღის ამბები