28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
საქართველოში სოციალური აგენტები გაიფიცნენ - ისინი ხელფასების 100%-ით მატებას ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტოები მთელი ქვეყნის მაშტაბით დღეს დილით ცარიელი იყო. უკვე 10 საათზე მეტია სოციალური აგენტები, სპეციალისტები და იურისტები გაფიცულები არიან, რის გამოც სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

პროტესტის პირველივე დღეს, მუშაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო კრიზისული მართვის გეგმაზე გადავიდა. უწყებაში განმარტეს, რომ კადრების გადანაწილება მოხდა, სოციალური მუშაკების უფლება-მოვალეობები სააგენტოსა სხვა თანამშრომლებს გადაებარათ.

გაფიციული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას ამ დრომდე არ განიხილავენ. დილიდან კი, ქვეყნის მასშტაბით სხვისი უფლებების დაცვაზე უარი 400-მდე თანამშრომელმა განაცხადა. გაფიცულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მოაწყვეს და მინისტრს 8 მოთხოვნა წარუდგინეს. მოთხოვნებს შორის უმთავრესი ხელფასების 100%-ით მატებაა. 

სოციალური აგენტების მოთხოვნას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გასულ კვირას წერილობით გადაეცა, უწყება ჯერ კიდევ გუშინ გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ორივე შემთხვევაში ხელფასის ზრდა თებერვლიდან დაანონსდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -ით მოემატებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს კი, შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება. თუმცა, შეთავაზება სააგენტოს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დაპირებული გაფიცვა დღეს სისრულეში მოიყვანეს. პროტესტი უპასუხოდ არ დაუტოვებია არც ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურა აზარაშვილის განცხადებით, შეთავაზებული ცვლილება შრომასთან ადეკვატურია.

მინისტრთან შეხვედრისა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილით სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ჯანმრთელობის სამინისტრსთან ხვალ კვლავ 11 საათზე შეიკრიბებიან.

დღის ამბები