ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 38 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს, თუმცა ის დუმილის უფლებას იყენებს.
გიორგი ბარბაქაძე კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის პირველადი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას საგამოძიებო უწყება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.
ადვოკატის, ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს.
შემთხვევა, 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა. თავდაპირველი ვერსიით, ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 38 წლის გიორგი ბარბაქაძემ, ყოფილი მეუღლე ნონა ჭაბაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და გაზით გარდაცვალების ინსცენირება მოაწყო.
საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარებისას და გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცავებმა, ნონა ჭაბაშვილის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს, 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.