28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
სპორტსმენი, პედაგოგი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

საქართველო ჯანო ბაგრატიონს დაემშვიდობა. სპორტსმენი, პედაგოგი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მანამდე ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პოლიტიკოსებმაც მიუსამძიმრეს, ტაძარში იმყოფებოდა კულტურის მინისტრიც. ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში სამი დღის წინ გარდაიცვალა.

მუსიკის ერთგულ ქომაგს დღეს მთელი საქართველო ემშვიდობება. ჯაზის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით უმცროსს ჯანოსაც გადაეცა და ის გარკვეული პერიოდი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ ორკესტრში მღეროდა.

ქართველ მსმენელს ჯანო ბაგრატიონის შესრულებული არაერთი სიმღერა ახსოვს, თუმცა მუსიკა მისი ჰობი იყო. სიცოცხლეში მრავალფეროვანი და მდიდარი შემოქმედებითი კარიერა ჰქონდა. ჯანო ბაგრატიონი ხელბურთელი იყო. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში". მოგვიანებით იყო მწვრთნელიც. ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ღირსების ორდენი. მისთვის მინიჭებული წოდებების ჩამონათვალშია ასევე, ვახტანგ გორგასლის სახელობის და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. ჯანო ბაგრატიონის სახელით გამოქვეყნებულია 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. 

ჯანო ბაგრატიონი დღეს, საბურთალოს პანთეონში, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

დღის ამბები