28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მივესალმები ამ კვირაში დაგეგმილ ყველა შეხვედრას, თუმცა არ მგონია, რომ ეს შეხვედრები ყველა პრობლემას გადაწყვეტდეს - იენს სტოლტენბერგი

სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში ჟენევაში რუსულ ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო. იქნება თუ არა შეხვედრა შედეგიანი პროგნოზების გაკეთდება რთულია, რუსეთი ზეწოლის ფონზე დათმობაზე წასვლას არ გეგმავს - არც შტატები აპირებს უკან დახევას და მოსკოვისგან უკრაინის საზღვართან დაძაბულობის განმუხტვას და ქვეყნების სუვერენული უფლების დაცვას ითხოვს.

დღის წესრიგშია NATO-ს ღია კარის პოლიტიკაც. ჟენევის პარალელურად, შეხვედრები მიმდინარეობს ბრიუსელშიც.​

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ კვირაში ყველა დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება, თუმცა არ მიაჩნია, რომ შეხვედრები ყველა პრობლემის გადაჭრას უშველის. ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარე ჩაერთვება და ევროპაში ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს აგვარიდებს.

"მივესალმები ამ კვირაში დაგეგმილ ყველა შეხვედრას, თუმცა არ მგონია, რომ ეს შეხვედრები ყველა პრობლემას გადაწყვეტდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით სამომავლო გზებზე, შევთანხმდებით პროცესზე - არარეალურია იმის მოლოდინი, რომ კვირის ბოლოს პრობლემები გადაჭრილი იქნება. თუმცა იმედია ორივე მხარე ჩაერთვება პროცესში, რომელიც თავიდან აგვარიდებს ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს ევროპაში.

მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინაზე ექნება მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი. ალიანსი ერთიანია თითოეული ერის მხარდაჭერაში, რომ თავადვე აირჩიონ საკუთარი გზა, ეს ევროპული უსაფრთხების ფუნდამენტია.

ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრა, არის დროული შესაძლებლობა, რათა გავცვალოთ შეფასებები სიტუაციაზე და ხაზი გავუსვათ ალიანსის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ,აგრეთვე გვქონდეს რუსეთის საკითხზე დიპლომატიური კოორდინაცია.

ჩვენ მოვუსმენთ რუსეთის წუხილებს, თუმცა შინაარსიანი დიალოგი გულისხმობს ჩვენი წუხილების მოსმენასაც. ეს კი უკრაინასთან კონსულტაციებით უნდა ხდებოდეს და დღევანდელი დღე ამის დასტურია. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს კონსულტაციები საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეპანიშინა აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნები ალიანსის მიმართ სავაჭრო თემა ვერ იქნება, ვინაიდან აგრესორი არაა იმ პოზიციაში, რომ პირობები წააყენოს, მანამ, სანამ რუსეთის ტანკები უკრაინის საზღვრებთან არის მობილიზებული.

​"უმნიშვნელოვანესია შემდეგი პრინციპის გათვალისწინება: "არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ალიანსისგან ამ მიდგომას ჩვენ ვაფასებთ როგორც ალიანსის უცვლელ მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ჩემი მიზანია ნათელი მოვფინო რეგიონში და ჩვენს საზღვრებთან არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის მოთხოვნები ალიანსის მიმართ ვერ იქნება სავაჭრო თემა. აგრესორი არაა იმ პოზიციაში, რომ პირობები დააყენოს მანამ, ვიდრე მისი ტანკები უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული. უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი უნდა დაიწყოს რუსული ჯარის გასვლით უკრაინის ტერიტორიიდან. გვჯერა,რომ რუსეთი სათანადოდ ვერ აფასებს მოცემულობას, ჩვენ მტკიცედ გვჯერა ნატოს ერთიანობის ევროპის უსაფრთხოების სასარგებლოდ. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ უკრაინა თავად აირჩევს საკუთარ ალიანსს, ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, ეს არაა ვაჭრობის საგანი. იმედია ნატო ყველა საფრთხეს გაითვალისწინებს და აჩვენებს ერთიანობას მომდევნო სამიტზე. იმედი გვაქვს, ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაისინჯება/გადაიხედება," - ამბობს ვიცე-პრემიერი.

დღის ამბები