28 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
რატომ იდგა ბათუმის ქუჩებში მძაფრი სუნი რამდენიმე საათის განმავლობაში - გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს

რატომ იდგა ბათუმის ქუჩებში მძაფრი სუნი რამდენიმე საათის განმავლობაში - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მოკვლევის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფაქტზე მოკვლევა და საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. საქმე, სავარაუდოდ, ნედლი ნავთობის დატვირთვის ფაქტს ეხება. ბათუმელები ამბობენ, რომ მძაფრი სუნის გამო, მათ ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნათ.

ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებლებმა ქუჩებში მძაფრი სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს. სოციალურ ქსელებში ბათუმელებმა ინფორმაციის გავრცელება და გადამოწმება დაიწყეს.

გავრცელდა ვერსია ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებითაც, რომელიც მოგვიანებით გამოირიცხა.

"კურიერი" აჭარაში კომპანია "სოკარ ჯორჯიასაც" დაუკავშირდა. დირექტორი განმარტავს, რომ ბათუმში გაზის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, კომპანიაში გამოძახებების განსაკუთრებული რაოდენობაც არ არის შესული.

"კურიერი" ასევე შეეცადა ბათუმის პორტიდან მოეპოვებინა განმარტება, თუმცა ადმინისტრაციასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის ქუჩებში მძაფრი სუნი აღარ იგრძნობა. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დადგინდება ზუსტი მიზეზი, თუ რატომ იდგა ზღვისპირა ბათუმში სპეციფიური სუნი.

დღის ამბები