28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ვითარება ყირგიზეთი-ყაზახეთის საზღვართან - "კურიერის" რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

164 გარდაცვლილი ოფიციალური მონაცემით, ჯამში 2 000-ზე მეტი დაშავებული, 6 000-მდე დაკავებული და ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც კვლავ მიმდინარეობს - ყაზახეთი კვლავ საგანგებო მდგომარეობის ზონაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიდია ინტერესი თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებსა და ქალაქებში, სადაც დაძაბულობის ცენტრებია, მათ შორის ალმათში.

საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც ჩაკეტილია. ალმათთან ყველაზე ახლოს, სადაც მედია მუშაობს არის მეზობელი სახელმწიფო ყირგიზეთი და ქალაქი ბიშკეკი. შესაბამისად, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად დღეს "კურიერი" ქვეყნის საზღვართან მორიგ ჯერზე მივიდა.

ალმათისკენ გამგზავრება "კურიერმა" ვერ მოახერხა - მესაზღვრეებისგან "კურიერმა" უარი მიიღო. კითხვაზე თუ რატომ - მათ მხოლოდ მოკლე პასუხი აქვთ - "ასეთი ბრძანებაა გაცემული." საზღვარს მხოლოდ ყაზახეთის მოქალაქეები კვეთენ. რამდენიმე მათგანი ე.წ. "ჩორნარეჩკას" გამშვებ პუნქტანაც შეხვდა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს.

ყველა რესპონდენტი ცალსახად ამბობს, რომ სიტუაცია წინა დღეებთან შედარებით დამშვიდდა. ერთ-ერთი მათგანი ამას პროტესტის ჩაცხრობით ხსნის.

დაძაბულობის შედარებით შემცირების მიუხედავად, ყაზახეთი კვლავ საგანგებო მდგომარეობის ზონად რჩება. კვლავ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა და ბრძანება - ვინც ძალოვანებს არ დაემორჩილება, მისი ლიკვიდაცია მოხდება. 


დღის ამბები