გულის შეტევა, იგივე მიოკარდიული ინფარქტი ხდება მაშინ, როდესაც გულის კუნთის ნაწილი საკმარისი რაოდენობით სისხლს ვეღარ იღებს. რაც უფრო გვიანდება საჭირო მკურნალობა, რომ აღდგეს სისხლის მიმოქცევა, მით მეტად ზიანდება გულის კუნთი.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონარული არტერიის დაავადდება ინფარქტის მთავარი მიზეზია.
მიოკარდიული ინფარქტის მთავარი სიმპტომებია :
ტკივილი, ან დისკომფორტი მკერდის არეში. ხშირად, გულის შეტევის დროს ტკივილს მკერდის შუა, ან მარცხენა ნაწილში გრძნობენ, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ ქრება, თუმცა მოგვიანებით კვლავ იგრძნობა. დისკომფორტი, შესაძლოა, ჰგავდეს დაწოლის, გულზე მოჭერის შეგრძნებას;
სისუსტე, თავბრუსხვევა, ან გონების დაკარგვა. შესაძლოა, პაციენტს ცივი ოფლიც ასხამდეს;
ტკივილი, ან დისკომფორტი ყბების, კისრის, ზურგის არეში;
ტკივილი, ან დისკომფორტი ორივე მკლავსა და მხრებში;
სუნთქვის უკმარისობა, რომელსაც ხშირად თან ახლავს დისკომფორტის შეგრძნება მკერდის არეში.
შესაძლოა, სიმპტომებს შორის იყოს გულისრევა, ან ღებინება. ეს სიმპტომები, უმეტესად, ქალებს აღენიშნებათ.
CDC-ს რეკომენდაციით, ინფარქტის ნიშნებისას აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დავრეკოთ სასწრაფო დახმარებისთვის, რათა შემცირდეს გულის კუნთის დაზიანების რისკი.
რა არის ინფარქტის რისკფაქტორები :
გულის დაავადებებისა და გულის შეტევის რისკებს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები, ასაკი, მშობლების ჯანმრთელობის ისტორია შეიძლება ზრდიდეს. რისკს ზრდის მაღალი წნევა, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცვალობა და სიგარეტის მოწევაც.