28 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ, გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია - პატრიარქის ეპისტოლე პანდემიის საკითხსაც შეეხო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში საუბარია იმ განსაცდელებსა და ტკივილზე, რომლის გავლაც ადამიანს უწევს. ერთ-ერთ ასეთ განსაცდელად არის დასახელებული პანდემიაც. პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ.

"თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.

რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.

ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის," - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

დღის ამბები