28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ყაზახეთში "სამშვიდობო ძალები" ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნა - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის გაერთიანებული "სამშვიდობო ძალები" ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის სამდივნო ავრცელებს.

"სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციისა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის. რუსული მხრიდან ამ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ ქვეყნის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები.

ამ შემადგენლობიდან მოწინავე ქვედანაყოფებმა დაკისრებული ამოცანის შესრულება უკვე დაიწყეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაგზავნილი "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ცნობისთვის, ყაზახეთში ვითარება დაძაბულია. დაღუპულთა რიცხვი იზრდება. 2 პოლიციელის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს. ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყაზახეთში რუსულ ჯარს და ქვეყნის მოკავშირე სხვა სახელმწიფოების სამშვიდობო ძალებს ელოდებიან. დემონსტრანტებმა დაარბიეს საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათ შორის გუბერნატორის ოფისი. 

დღის ამბები