30 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მცირეწლოვანი და-ძმა მედიკოსებმა კატასტროფის ცენტრის მანქანით გადმოიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ცენტრის მანქანით მედიკოსებმა "კოვიდ19-ის" ნიშნებით მცირეწლოვნები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს.

2 და 3 წლის და-ძმას ცხელება, ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ბავშვებს შესაბამისი კვლევები ამ წუთებშიც უტარდებათ. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, დაუდასტურდებათ თუ არა მათ ახალი კორონავირუსი.  

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  COVID-19-ით დაინფიცირებული 2 პაციენტი მკურნალობს, კარანტინში ექიმების დაკვირევბის ქვეშ კი რამდენიმე ათეული მოქალაქე რჩება. მედიკოსები ადგილზე შემთხვევების მატებას ელოდებიან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდანაც.  სწორედ ამიტომ, დღეს დილიდან სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, საველე ჰოსპიტალი ეწყობა. საჭიროების შემთხვევაში, აქ ოკუპირებული ტერიტორიდან გადმოსულ მოქალაქეებს პირველად შემოწმებას ჩაუტარებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღეს დილიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმყოფებიან შეირაღებული ძალების დანაყოფები და სამართალდამცველები. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო ტერიტორიაზე გადაადგილება ბლოკპოსტების გავლით არის შესაძლებელი. სამართალმცველები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს და მუნიციპალიტეტში შემავალ ავტომობილებს.

საპოლიციო კონტროლის პარალელურად, რამდენიმე დღეა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ექიმების ჯგუფიც მუშაობს. ისინი ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ. პირველ ეტაპზე მობილური ჯგუფები სოფელ ზედა ეწერში მუშაობენ, სადაც COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ზუგდიდსა და ფოთში ამ დროისთვის 9 ბლოკპოსტია განთავსებული, მათ შორის 6 - სოფლის შესასვლელებში. ადგილზე შესაბამისი კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები