30 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
რა საქმიანობაა ნებადართული საგანგებო მდგომარეობის დროს - მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც ჩამოთვლილია ის საქმიანობები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროსაა დაშვებული.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ  საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

შეგახსენებთ, 30 მარტს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის პირობები გამკაცრდა და უკვე დღეიდან  21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს უკავშირდება.

დღის ამბები