ევროპა მსოფლიო რუკაზე კვლავ წითელ ზონად რჩება. საგანგაშო სტატისტიკით, ესპანეთმა უკვე ჩინეთს გადაუსწრო და ინფიცირების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ქვეყანაში ვირუსის 88 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 7,700-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. დრამატულად გაზრდილი ციფრების გამო, ჩინეთმა ესპანეთს დახმარების სახით 15 ტონა სამედიცინო რესურსი გაუგზავნა. თუმცა, ამის პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ ათასობით ჩინური ნიღაბი და ტესტი უკან გაიწვია, რადგან უვარგისი აღმოჩნდა.
იტალიაში კი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყენაში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, თუმცა იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 63 მედიკოსია. პოზიტიურია ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ბოლო ერთ დღეში COVID-19-ი 1,590-მა იტალიელმა დაამარცხა. რაც იტალიაში ბოლო 24 საათში განკურნებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად საგანგაშო მონაცემებისა, იტალიაში და საფრანგეთში დაინფიცირების დინამიკა დასტაბილურდება.
"ვფიქრობთ, რომ იტალიასა და ესპანეთში ინფიცირების სტატისტიკა დასტაბილურდება. ამ ქვეყნებში მთავარი პრევენციული ზომა კარანტინი იყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მაშინ, როცა ციფრები კლებას დაიწყებს ჯანდაცვის უწყებებმა ძალისხმევა უნდა გააორმაგონ,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი.
ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით კვლავ ლიდერობს შეერთებული შტატები, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ს ემსხვერპლა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც.
დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის ტესტი მილიონზე მეტ ამერიკელს უკვე ჩაუტარდა. მთვარობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში პაციენტებს 1000 საწოლიან გემ-ჰოსპიტალზე უმკურნალებენ. ასევე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 68 საწოლიანი საველე საავადმყოფოს მშენებლობაც დაიწყო. ნიუ-იორკში ამერიკაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია, აქ ვირუსით 1 000 ადამიანი გარდაიცვალა.
"შტატებში კორონავირუსზე ტესტი უკვე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჩვენ წინ გამოწვევებით სავსე 30 დღე გველის, მაგრამ დიდი გამარჯვებით დავასრულებთ. შტატები კორონავირუსის გავრცელების პიკს კარგ ფორმაში შეხვდება, ვინაიდან იმ დროისთვის ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა იქნება,"- აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ინდოეთში კი, სადაც კორონავირუსის ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ურჩ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ინდოეთში უპრეცენდენტო კარანტინია გამოცხადებული, თუმცა მოქალაქეები თვითიზოლაციის წესს არღვევენ და აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან. ინდოეთის მთვარობამ ერთ-ერთ შტატში მოსახლეობის გაკონტროლება უჩვეულო ფორმით დაიწყო. კარნატაკას შტატში პოლიცია მოქალაქეებს ყოველ ერთ საათში სელფის გადაღებას სთხოვს.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს რეგიონშიც. კორონავირუსით თურქეთში 168 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა ერდოღანმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში "ეროვნული სოლიდარობის კამპანია" დააფუძნა და შემოწირულობის სახით, საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო. ბოლო მონაცემებით რუსეთში 9, აზერბაიჯანში 4 და სომხეთში 3 ადამიანი გარდაიცვალა. შეზღუდვები დაწესდა რუსეთის რეგიონებში, აზერბაიჯანში კი დღეიდან საკარანტინო ზომები გამკაცრდა.
"კამპანიას საკუთარი 7 თვის ხელფასის დონაციით ვიწყებ. ინიციატივის მიზანი იმ დაბალშემოსავლიანი ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო ეკონომიკურად დაზარალდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტარებმა კამპანიის ფარგლებში უკვე 5,2 მილიონი თურქული ლირის ოდენობის შემოწირულობა გაიღეს," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდორანმა.
კორონავირუსი უკვე მესამე ტესტირების შემდეგაც არ უდასტურდება ანგელა მერკელს. მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერი ქვეყნის მართვას დისტანციურად სახლის პირობებში განაგრძობს. COVID-19 არ დაუდასტურდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. პრემიერი მრჩევლებთან ერთად კარანტინში გუშინ გადაიყვანეს. იზოლაციის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ისრაელის პრემიერის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.