ესპანეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო. ქვეყანაში ვირუსის 88 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 7 700-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. ესპანეთმა ჩინეთიდან დახმარების სახით 15 ტონა სამედიცინო რესურსი უკვე მიიღო.
დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს იტალიაშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ს 812 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 63 ექიმია.
ამავე დროს იტალიაში ბოლო ერთ დღეში 1,590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ქვეყანაში 24 საათში განკურნებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით კვლავ ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ს ემსხვერპლა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის ტესტი მილიონზე მეტ ამერიკელს უკვე ჩაუტარდა.
პანდემიის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას დროებით კრძალავს იაპონია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მექსიკაში. კორონავირუსით გარდაიცვალა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი.
მსოფლიოში ვირუსით 165 ათასზე მეტი პაციენტია გამოჯანმრთელებული.