30 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
საგანგებო რეჟიმი ციხეებში გრძელდება - პენიტენციურ სისტემაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციისთვის გეგმა მუშავდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული საგანგებო რეჟიმი 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ეს რეჟიმი 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს. 

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმის შემოღების შემდეგ აკრძალული პაემნების საკომპენსაციოდ, 16 მარტიდან მოყოლებული, პატიმრებს ეძლევათ უფასო 15 წუთი თვეში, საკუთარ ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან სატელეფონო კომუნიკაციისთვის. მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ეს შეღავათი მომავალშიც გაგრძელდეს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, ციხეებში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული განსაკუთრებული პირობები გულისხმობს, რომ ვერც ერთი ახლადდაკავებული და ახალმისჯილი პატიმარი ვერ შედის ძველ კონტინგენტთან, სანამ 21 დღიან საკარანტინო პერიოდს არ მოიხდის. მინისტრის თქმით, ეს არ არის ტრადიციული საკარანტინო სივრცე, არამედ არის ჩვეულებრივი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 20 მარტიდან პენიტენციური სისტემის არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც რაიმე ტიპის საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება, პატიმრებთან სამუშაოდ არ დაიშვება.

მინისტრის ინფორმაციით, 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში და ციხის დალაგებას შესაბამისი საშუალებებით ციხის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

თეა წულუკიანის თქმით, 24 მარტიდან სასამართლო პროცესებზე პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ რეჟიმში უკვე 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.

იუსტიციის მინისტრმა დააანონსა გეგმა, რომლის მიზანიც პენიტენციური სისტემის მეტად დახურვა იქნება, რათა პატიმრები COVID 19-ის გავრცელებისგან დაიცვან. მისი თქმით, ეს გეგმა მომავალ კვირაში გასაჯაროვდება და გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა არ გულისხმობს ე.წ. ზონიდან პატიმრების დახურულ ციხეებში გადაყვანას. 

მინისტრის ინფორმაციით, ციხეებში ყველა საჭირო პროდუქტის მარაგი საკმარისია და ამ მხრივ სანერვიულო არ არის. 

დღის ამბები