30 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
"ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება," - ჯანმოს ხელმძღვანელი მსოფლიოს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს

ამერიკა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით უკვე პირველ ადგილზეა. COVID-19-ის გავრცელებით მან ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 85 000-ზე მეტი მოქალაქე, გარდაცვლილია 1 100 პაციენტი. თეთრ სახლს პეკინის მიერ გამოქვეყნებული ციფრების არ სჯერა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთმა მონაცემები გააყალბა.

კვლავ მძიმე ვითარებაა ევროპაში. იტალიაში ბოლო 24 საათში 700 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 8 215-ს მიაღწია. სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 80 589 ადამიანი, ხოლო განიკურნა 10 361 პაციენტი. იტალიელი პაციენტების დახმარების მზაობას გამოთქვამს გერმანია. თავად გერმანიას 43 ათასზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, ხოლო გარდაცვლილია 267 მოქალაქე.

ბოლო ერთ დღეში ესპანეთში დაიღუპა 700-ზე მეტი ინფიცირებული. სულ ქვეყანაში ინფიცირების 58 000 შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანას კორონავირუსით ინფიცირებული 29 155 ადამიანი და 1 696 გარდაცვლილი პაციენტი ჰყავს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის პანდემიასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. ორი ქვეყნის პირველი პირები ახალ ინიციატივას ამზადებენ,- ამის შესახებ მაკრონმა სოციალური ქსელის, twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა. "მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიმართავენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა," - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ევროპარლამენტმა კი, ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკომისიის მიერ წარდგენილი საგანგებო ზომების პაკეტი დაამტკიცა. სესია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. საგანგებო ზომების პაკეტი მოქალაქეების მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ფინანსური სახსრების მობილიზებას ითვალისწინებს. მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს 37 მილიარდი ევროს მობილიზება ევროპული ფონდებიდან, რომელიც იმ მოქალაქეებს, რეგიონებსა და ქვეყნებს მოხმარდება, სადაც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში 75-ს მიაღწია. გარდაცვალების მესამე ფაქტი დადასტურდა აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს სომხეთსა და რუსეთში. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 27 მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლება იძულებულია, საზღვრები ჩაკეტოს, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებისთვისაც. ხოლო ვინც უცხოეთში დარჩა, მათ დაბრუნებაზე დიპლომატები იზრუნებენ.

ჩინეთი კი ხვალიდან ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გარდა დიპლომატებისა, ქვეყანაში შესვლას დროებით აუკრძალავს. ქვეყანაში პანდემიის კუთხით შედარებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება. აღარ ფიქსირდება გარდაცვალებისა და შიდა გადადების ფაქტები.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსისგან უკვე 120 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები