კორონავირუსის გამოწვეული ვითარება დღითიდღე მძიმდება ევროპაში. ნიდერლანდებში ერთ დღეში ახალ ვირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში ინფიცირებულია 6412 ადამიანი.
გერმანიამ ინფიცირებულთა რაოდენობით ირანს გაასწრო, მერკელის ტესტი კვლავ უარყოფითია. ის სახლიდან მუშაობს.
ესპანეთი კი დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს ასწრებს. აქ 400 ადამიანით მეტია გარდაცვლილი, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც ეპიდემიამ თავდაპირველად იფეთქა და რომელიც ინფორმაციის არარსებობის გამო ვირუსს მოუმზადებელი დახვდა. ვირუსი დაუდასტურდა ესპანეთის პრემიერს. 62 წლის კარმენ კალვო საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით გადაიყვანეს. ის მთავრობის უკვე მესამე წევრია, ვისაც ახალი ვირუსი აქვს.
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 231 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია 1331 ადამიანი. ამასთან, ეს იმ პირთა მონაცემებია, რომლებიც საავადმყოფოებში დაიღუპნენ, სავარაუდოდ ფატალური შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია. სტატისტიკაში ჯერჯერობით არ არის ასახული მოხუცებულთა სახლებში გარდაცვლილების მონაცემები.
ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსს 683 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი. უნგრეთში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე გარდაიცვალა. სტივენ დიკი 37 წლის იყო.