დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური 82 და მინიმალური 2 წელი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმ მედიკამენტზეც ისაუბრა, რომელიც ინფიცირებულების შემთხვევაში გამოიყენება და აღნიშნა, რომ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
"მედიკამენტის მედიაში დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოხდა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას და ატყდა აჟიოტაჟი. დაიტაცეს მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე თუ არ იცის, როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მოდით მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალებს. გუნდი არის მთელი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ადგენს ამ პროტოკოლებს და მივანდოთ საქმე თავის მცოდნეებს. პირველივე პაციენტიდან მოყოლებული, ეს პრეპარატი გამოიყენებოდა საქართველოში, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ასე, რომ ჩვენ ექიმებმა ეს იციან და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მკურნალობა მივანდოთ მაღალ დონეზე მომზადებულ სამედიცინო მედპერსონალს," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მარნეულელი ქალის ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, კვლევაში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დადგინდეს რომელ ქვეყანასთან აქვს მას კავშირი.
"საინტერესოა, რომ ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ზუსტი ინფექციის წყარო არ ვიცოდით, სეკვენირების საშუალებით, რომელიც ლუგარის ცენტს გააჩნია ამის შესაძლებლობა, რომ ვირუსი რომელიც აქვს პაციენტს, მისი გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს და სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ზუსტი ინფექციის წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და სამივე შემთხვევაში, ჩვენ შევძელით გენეტიკური ხაზის მიხედვით ვირუსის, დაგვედგინა რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში. ასე, რომ ეს გაგრძელდება," - განაცხადა პაატა იმნაძემ.