30 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მარნეულსა და ბოლნისში 20 ათასი შემოწმებული პირიდან ტემპერატურა 25 დაუფიქსირდა, მათგან 2 საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია გადაყვანილი - ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიაწოდა. მისი თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ შეხვედრაზე ძირითადად ე.წ. წითელ ზონაში მოქცეულ მარნეულსა და ბოლნისში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელა. საუბარი შეეხო COVID-19-ის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებსაც. 

"ამ სხდომაზე განხილული იქნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა იმ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარებაა დღეს ბოლნისისა და მარნეულის რაიონში, სადაც სპეციალური საკარანტინე ზომები არის მიღებული. საერთო ჯამში დღეს ქვეყანაში არის 73 ადამიანი, რომელსაც აქვს კორონავირუსი, აქედან 10 ადამიანი უკვე არის გამოჯანმრთელებული. 252 ადამიანი იმყოფება სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ და ასევე 4 ათასზე მეტი ადამიანი, დღეს დღეობით იმყოფება საკარანტინო რეჟიმში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში, მოსახლეობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სრულად არის ინფორმირებული. გარდა ამისა, ჩიქოვანის თქმით, ორივე რაიონში დაიწყო მოსახლეობის შემოწმება და ამ დროისთვის ჯგუფებმა, რომელშიც ადილობრივი მედიკოსები შედიან, 20 ათასზე მეტი ადამიანის შემოწმება შეძლეს. ჩიქოვანის განმარტებით, ადგილობრივებს გარკვეული გამოკითხვები უტარდებათ, ასევე უზომავენ ტემპერატურას.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, შემოწმებული მოქალაქეებიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მათგან ორი იყო საყურადღებო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

"ძალიან ეფექტიანად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა, სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე მოქალაქეები და საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული. სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი. ჩვენი თანამოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რა ვითარებაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მუნიციპალიტეტებში არ არსებობს სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა და ყველა ქსელური მაღაზია გამართულად მუშაობს.

დღის ამბები