ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარების დრო კორონავირუსის გავრცელებამ ეჭვქვეშ დააყენა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თამაშების სტარტი 24 ივლისს არის დაგეგმილი. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გრაფიკში ცვლილებების შესაძლო შეტანას ეხება.
ოლიმპიურ კომიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ საკითხის განხილვას უახლოეს ოთხ კვირაში დაასრულებენ.
ამ დროისთვის კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თავის სპორტსმენებს ოლიმპიადაზე არ გაუშვებს და თამაშების ერთი წლით გადავადების ინიციატივით გამოდის. კანადელთა განცხადებას მალევე მოჰყვა ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის მიმართვაც, სადაც ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის გამო, ქვეყანა ოლიმპიურ გუნდს ვერ შეკრებს და თამაშებისთვის მომზადებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ.