საქართველოში კორონავირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 5 პირს დღეს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება - უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში საავადმყოფოდან ხუთივეს გაწერენ. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხვადასხვა სახის ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ორმხრივი პნევმონია აქვთ. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი ვირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო ამჟამად ახალი ვირუსის პრეკრიტიკულ ფაზაში იმყოფება. ვირუსოლოგები ვარაუდობენ, რომ პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირას იქნება, შესაბამისად ყველა კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ.
"ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 32 ინფიცირებული მკურნალობს. როგორც იცით 3 გამოჯანმრთელებული უკვე გაეწერა. პაციენტების შედეგები წუხელ მივიღეთ და დღეს ახალი იქნება აღებული და მათ პასუხებს შემდგომ მოგახსენებთ. ვგეგმავთ კიდევ რამდენიმეს გაწერას.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად სტაბილურია. არის პნევმონიანი პაციენტები, რომლებიც საყურადღებოა და დასაკვირვებელი. მკურნალობა მათზე გრძელდება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.