30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
თავის შეკავება მსახურებაზე მოსვლისგან ან ზიარებიგან ცოდვა არ არის - მეუფე ნიკოლოზი

"აღდგომის წირვაზე, ადამიანს რომ უთხრა, რომ არ მოხვიდე ეკლესიაში, საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ," - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა "ღამის კურიერში" განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ქართული ეკლესია გაერკვევა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაცემულ რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.

"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა. თანდათანობით გავიგებთ და შევასრულებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ზოგადად ქრისტიანები ყოველთვის კანონმორჩილები იყვნენ, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც კანონი მცნების დარღვევისკენ მოუწოდებდა ქრისტიანს. თუ მცნების დარღვევაზე არ იქნება ლაპარაკი, ყოველთვის ყველაფერს გავითვალისწინებთ და არ შევუქმნით საფრთხეს საზოგადოებას," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, როგორ შეძლებს ეკლესია რელიგიურ დღესასწაულებზე გააკონტროლოს ადამიანებს შორის დისტანცია. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარია, საზოგადოებას სწორად მიეწოდოს ინსტრუქციები.

"ჩვენს ქვეყანაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პრევენციაზე და არა მკურნალობაზე. ეს პრევენცია დამოკიდებულია თვითშეგნებაზე. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს ეს ინსტრუქციები. მეც ვცდილობ, რომ შევასრულო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერავის ვერაფრის გაკეთებას. თუ ადამიანს უნდა რომ კანონი დაარღვიოს, დაარღვევს," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თუ მრევლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წირვას ვერ ესწრება, ეკლესია მას არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

"მე ასე მოვუწოდებდი მრევლს - ამ რეკომენდაციის დაცვა, თუნდაც თავის შეკავება მსახურებაზე მოსვლისგან ან, გარკვეულწილად, ზიარებისგან, ცოდვა არ არის. ეს ისედაც ხდება ეკლესიაში, როდესაც უძლურად არის ადამიანი, არ მოდის. ჩვენ ამის გამო არ ვსჯით ადამიანებს. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. გამოჯანმრთელდება და მოვა. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ.

ეს რეკომენდაციები იმისთვისაა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და არავინ იბრძვის, რომ დაემართოს ეს ვირუსი," - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

 

დღის ამბები