30 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარშე სხდომაზე "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" დეკრეტი წარუდგინა.

"დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ  ტერიტორიაზე. 

კონსტიტუციის თანახმად და რეგლამენტის 83-ე მუხლის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ბრძანებას საგანგებო  მდგომარეობის შესახებ, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. ეს ბრძანება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამ ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავრობასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალების მოსაზრებების გათვალისწინებით. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია.

ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი.

ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია იგი. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სწორედ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, ვიდრე შიდა გავრცელება დაიწყება და ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. ეს აუცილებელია საზოგადოების საბრძოლო მზადყოფნაში გადასაყვანად.

საგანგებო მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის; მას გააჩნია გრადაციები. ჩვენ ახლა შემოგვაქვს მხოლოდ აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა - არა ექსტრემალური. მაგალითისთვის: არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები.

საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება. არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად.

საგანგებო მდგომარეობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მოქალაქეობრივ შეგნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დადგენილ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი კვლავ ძალაშია. პირიქით, ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა: სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

ამ რეკომენდაციების დაცვა არ ექვემდებარება აღსრულებას სამართალდამცველი ორგანოებისგან, მაგრამ მათი განუხრელად დაცვა ევალება ყველა მოქალაქეს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება.
აუცილებელია, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს სამაგალითო და სახელმწიფოს არ დასჭირდეს დამატებით იძულებითი ნორმების შემოღება.

ამ პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით:

- ასეთ განსაკუთრებულ პირობებში პრეზიდენტს ევალება ქვეყანაში დემოკრატიის დაცვა, რადგანაც საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის თუ ხშირად ბადებს თეორიულ შიშს იმისა, რომ შეიძლება ზედმეტად შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლებები.
- ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება  ყველას და, განსაკუთრებით - პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ  სპეციფიკური პრობლემები  და გამოწვევები, რომლებსაც ერთად უნდა მივხედოთ. 
- ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე მორალურ და, ხშირ შემთხვევაში, მატერიალურ პირობებში იმყოფება. ჩვენი დიპლომატიური უწყება - საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა,  ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს მათ. 
- არ შეიძლება, ამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულად არ მოვიხსენიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი ისედაც უკიდურესად გართულებული ჰუმანიტარული მდგომარეობა დღეს აქტიურ მხარდაჭერას ითხოვს. ამის შესახებ ვესაუბრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. 

დაბოლოს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებს:
ეს ბრძოლა ჩვენია! თითოეული ჩვენგანის! ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება. ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ ამ გზაზე.

მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას!" - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე.

დღის ამბები