30 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ტელეკომპანიები, რომელთაც ინკასო დაედოთ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისის პარალელურად გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ

ტელეკომპანია ტვ "პირველისა" და "მთავარის" ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. მიზეზი საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობა გახდა.

კომპანიებში მსოფლიოში შექმნილი კრიზისის პარალელურად, დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ. ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი ინკასოს დაწესებას ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირებს.

ინგა გრიგოლიას თქმით, კრიზისის დროს, ხელშეწყობის ნაცვლად, ხელისუფლება ბიზნესისთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

"ეს არის დანაშაული და მე გაოგნებული ვარ, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც საგანგებო რეჟიმში გვიწევს თითოეულ ჩვენგანს მუშაობა, იმისა ნაცვლად, რომ ხელისუფლება ბიზნესს დაეხმაროს - ანგრევს ტელეკომპანიას.

თუმცა, ვაძლევთ პირობას, სულ რომ ორი კაცი დავრჩეთ ამ ტელევიზიაში, ტვ "პირველს" მაინც ვერ დაანგრევენ," - განაცხადა ტვ "პირველის " გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ.

ფინანსთა მინისტრი კი განმარტავს, რომ ინკასო გადასახადის გადაუხდელობის გამო, რამდენიმეათას კომპანიას ავტომატურად დაედო. მათ შორის, ტელევიზიებსაც.

"ავტომატურად დაედოთ ინკასო, არც ტელეკომპანიები ყოფილა გამოკვეთილი ცალკე და არც სხვა ბიზნესი, რომელიც ვინმეს დისკრეციით ედებოდეს ან არ ედებოდეს ინკასო. 

სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება და ტელევიზია, ან სხვა კომპანია აქ გამონაკლისს არ წარმოადგენს. 

რამდენიმე სხვა კომპანიასაც დაედო ინკასო, მაშინ როდესაც გადასახადის დეკლარირება მოხდა," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ნიკა მელიამ კი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ხელისუფლებას ინკასოს მოხსნის ინიციატივით მიმართა. 

"ეს არის სერიოზული პრობლემა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით, რომ სამი თვით შეჩერდეს ყველა იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონი. ასევე, სამი თვით გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა სააღსრულებლო მიმდინარე საქმეზე," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

დღის ამბები